logo
ENG



მეზღვაურთათვის - მამუკა ჩარკვიანის სიმღერის პრემიერა "დროებაში"

05 ივლ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

„სინამდვილეში, სევდა დროს არ მიაქვს, ის მუდამ ჩვენთან რჩება“ - ასე ფიქრობს ჩვენი დროების გამორჩეული მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 80-მდე სიმღერის ავტორს მუსიკალური განათლება არ აქვს, თუმცა  გამორჩეული სტილი, მამუკასებრი, ისეთი, რომელიც გულთან ძალიან ახლოს მოდის, მაინც შექმნა. 

თავს მეამბოხე სულის პატრონად მიიჩნევს, თუმცა ყოველთვის კანონმორჩილად ცხოვრობდა და ახლაც ასე აგრძელებს. 

მამამ, ჯანსუღ ჩარკვიანმა ლექსი მიუძღვნა, სადაც ასეთი ფრაზაა: "მე ვტირი, მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი" - ეს სიტყვები მამუკასთვის აქტუალური ბოლო წლებში გახდა.  

მამა-შვილს  უხილავი ძაფი აერთიანებდათ. ვარსკვლავიც ერთად გაუხსნეს. ბევრ სხვა სიმღერასთან ერთად ისიც ერთად თქვეს, რომ "თავისუფლება ლომთა ხვედრია" და არაფორმალურ ჰიმნად ქცეული შეძახილი აჩუქეს საქართველოს. 

ჯანსუღის პოეზია მამუკას არც ახლა ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან იშვითად გადის, შემოქმედებითად მაინც არ ჩერდება. საზღვაო თემატიკაზე  შექმნილი ტრილოგიის მესამე ლექსი  სიმღერად  სულ ცოტა ხნის წინ აქცია. „მეზღვაურთათვის“ - ასე ჰქვია იმ ახალ სიმღერას, რომელიც მამუკამ სწორედ „დროებისთვის“ გაიმეტა და სახლში მთელ გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. 


close დახურვა